logo
ENG



ჰელსინკის კომისია: ახლოდან დავაკვირდებით, რათა ვიხილოთ, რომ კანონი ოფიციალურად გაუქმდება

10 მარ 202301:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/10/cobhihz7zswo2tv.jpg

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ ქართული ოცნების განცხადება რუსული კანონის გაწვევის შესახებ "მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის კუთხით, რაც მხოლოდ მათ გამოიწვიეს".

კომისიის თქმით, ისინი ახლოდან დააკვირდებიან კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ნამდვილად გაუქმდება.

"საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გაიწვევს რუსული სტილის კანონს უცხოელ აგენტებზე მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის კუთხით, რაც მხოლოდ მათ გამოიწვიეს. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით, რათა ვიხილოთ, რომ კანონი ფაქტობრივად ოფიციალურად გაუქმდება და აქტივისტები სწრაფად გათავისუფლდებიან.

ახლა მკაფიო უნდა იყოს, რომ ქართული ოცნებისთვის, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის ნებისმიერ ჩამოშლასა და მათი ევროატლანტიკური არჩევანის დათმობაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ მისი დემოკრატიის ჭეშმარიტ განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის წინ წაწევაში" - აცხადებს ჰელსინკის კომისია.

10 მარტს დილის 12:00 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა, 11:45 საათზე კი ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან რუსული კანონის გაწვევის "გადავადებასთან დაკავშირებით ტყუილის გავრცელების საფრთხე არსებობდა" ოცნებამ მოიფიქრა იურიდიული გადაწყვეტა, რათა საკითხი ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაეტანათ და "საკითხი ხვალვე ჩაიხურება".

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა