ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ოცნების მიერ ხელმეორედ ინიცირებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით X-ზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას.
"გასულ კვირას, თანათავმჯდომარე სენატორმა კადრინმა და რეიტინგის წევრმა, სენატორმა ვიქერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი ეთქვათ რუსული სტილის კანონპროექტზე, რომელსაც ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის წინა, ლიბერალური დემოკრატიის ტრაექტორიას", - ნათქვამია განცხადებაში.
6 აპრილს აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობამ - თანათავმჯდომარე ბენ კარდინმა და სენატორ როჯერ უიკერმა ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს "რუსული კანონის ასლი" უწოდეს და კანონპროექტის ხელახლა მიღების მცდელობის გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს.
"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი, რომელიც მისი ინსპირაციაა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნება კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.