ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და წესებთან თანხვედრაში არ არის.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერს "რეაგირების მოხდენა მოუწევს."
"ჩემთვის ნამდვილად არაკომფორტულია ვგრძნობ თავს ნეგატიურ ზომებზე საუბარი. ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჯერ კიდევ არის დრო და პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა გზას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და შედეგებზე ფიქრი არ მოგვიწიოს. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე - ნეგატიური მოვლენების სპირალზე. მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პირზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში, ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ", - თქვა ჰერჩინსკიმ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე თქვა, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებული დაძაბულობის გადაჭრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
"შეშფოთებული ვარ, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც სიტუაციას უფრო კომპლექსურს ხდის. დრო ჯერ კიდევ არის, გზა გავაგრძელოთ. ჩვენი სურვილია საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და დაიწყოს გაწევრიანებების შესახებ მოლაპარაკებები, როგორც ეს უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ჩვენ უნდა დავეწიოთ - მთავრობასთან ერთად თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანია, გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული საკითხი. როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი აცხადებს, ეს კანონი არ არის ევროპულ წესებსა და ღირებულებებთან შესაბამისი", - თქვა მან.