logo
ENG



ჰერჩინსკი: მარტივად - ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის ევროპული, არ არის ამერიკული

11 აპრ 202412:09
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს კანონი არ არის კარგი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არც ევროპულია და არც ამერიკული.

ჰერჩინსკის თქმით, მედიის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისათვის.

"სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ არსებობს რამდენიმე ღია საკითხი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დისკუსიას და საჭიროებს, რომ უკეთ იყოს გაგებული ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ასევე, არსებობს კიდევ ერთი საკითხი - ბოლო დროს ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის შესახებ, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან. ჯოზეფ ბორელმა ძალიან მკაფიოდ განმარტა განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ამ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებიდან 24 საათის შემდეგ"- თქვა ჰერჩინსკიმ.

ელჩი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის საბაბით არ უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება. 

"ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება, რომ გამჭვირვალობა არ უნდა იყოს საბაბი, რომ შემცირდეს სივრცე და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოხდეს, სიტყვისა და მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისათვის, საქართველოს ჩათვლით. განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის.

მარტივად - ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც მოვისმინეთ მკაფიოდ და ხმამაღლა ამერიკის ელჩისგან გუშინ"- თქვა ელჩმა. 

ჰერჩინსკის თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს სამოქალაქო საზოგადოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. 

მესმის, რომ არსებობს შეშფოთება გამჭვირვალობის თაობაზე. ისიც მესმის, რომ არსებობს სხვა გზები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა მხარეს ვეძებთ გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების შეზღუდვის ხარჯზე. ისინი ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ"- თქვა ჰერჩინსკიმ.

 

 

 


close დახურვა