ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიაში გაგგზავნა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან. ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები"- აცხადებს ჰერჩინსკი.
კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნას რეკომენდაცია გაუწია გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმაც. 21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
ქართულ ოცნებაში კანონის კომისიაში გაგზავნას საჭიროდ არ მიიჩნევენ.
***
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.
კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.
დეოლიგარქიზაციაზე საუბარი იყო ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიშშიც, რომელიც 8 ნოემბერს მიიღეს - დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე ნახსენებია ბიძინა ივანიშვილი. კერძოდ, ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას, რომ მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.