logo
ENG



ჰერჩისნკი: იმპიჩმენტი, სებ-ის დამოუკიდებლობაზე კითხვები ხელს არ უწყობს პუნქტების შესრულებას

06 ოქტ 202311:04
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელ პირობებზე საუბრობს. ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა პრობლემურ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება როგორიცაა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სებ-ის დამოუკიდებლობა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი "ხელს არ უწყობს ევროკავშირის 2 პრიორიტეტის შესრულებას". 

"მე უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ვარ, ძალიან ყურადღებით ვისმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, სხვა პოლიტიკოსებისგან კი ვისმენ, რომ არაფერი შესრულებულა. თუ თქვენ მკითხავთ ჩემი პოზიციის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული.

ერთი მხრივ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მეორე მხრივ კი კვლავ გვესმის საქართველოდან წამოსული შერეული სიგნალები. გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი, რომელიც ცალსახად არ უწყობს ხელს ნომერ პირველ პრიორიტეტის, დეპოლარიზაციის შესრულებას.

არსებობს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც არ უწყობს ხელს რიგით მეორე რეკომენდაციის შესრულებას. კვლავ არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს", - განაცხადა EU-ის ელჩმა.


close დახურვა