logo
ENG



ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის სასამართლომ ნარკოდანაშაულში დამნაშავედ ცნო

09 მარ 202410:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/09/kwqg3wxgir4cdvz.jpg

ჰონდურასის ყოფილი პრეზიდენტი ხუან ორლანდო ერნანდესი აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ნარკოტიკების გაყიდვაში დამნაშავედ ცნო. მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ერნანდესი ბრალდებულია აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის მიზნით შეთქმულებასა და "დესტრუქციული მოწყობილობების", მათ შორის ტყვიამფრქვევების ტარებისთვის. 55 წლის ყოფილი პრეზიდენტი რაიმე დარღვევას უარყოფს.

პროკურორების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი ჰონდურასს, როგორც "ნარკოსახელმწიფოს' ისე მართავდა, ნარკორეალიზატორებისგან ქრთამს იღებდა და მფარველობდა მათ.

ხუან ორლანდო ერნანდესი ჰონდურასის პრეზიდენტი 2014-2022 წლებში იყო და ეს პოსტი ზედიზედ ორი ვადით ეკავა. თავდაპირველად ის კენჭს იყრიდა, როგორც კანონიერების კანდიდატი, რომელიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა ხალხს. ამის ნაცვლად კი, პროკურატურაში განაცხადეს, ის ნარკორეალიზატორებს შეეკრა.

თანამდებობის დატოვებიდან სამ თვეში იგი ექსტრადირებული იქნა ნიუ-იორკში და 2022 წლის აპრილში დააკავეს.

BBC წერს, რომ ერნანდესი ერთ დროს აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ მიიჩნეოდა. მისი მმართველობის დროს ნარკოტიკებთან ბრძოლისთვის ქვეყანამ აშშ-სგან 50 მილიონ დოლარზედ მეტი მიიღო, ასევე, დამატებითი ფინანსური დახმარება ჰქონდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხედრო დახმარებისთვის.

მოგვიანებით პროკურატურამ აღმოაჩინა, რომ ერნანდესი ნარკოტიკების მოვაჭრეებთან ჯერ კიდევ 2004 წელს იყო დაკავშირებული და რომ მან აშშ-ში დაახლოებით 500 ტონა კოკაინის კონტრაბანდას შეუწყო ხელი. მათივე თქმით, ნარკომოვაჭრეებმა მას მილიონობით დოლარი გადაუხადეს ქრთამის სახით, რათა კოკაინი კოლუმბიიდან და ვენესუელიდან ჰონდურასის გავლით აშშ-ში კონტრაბანდულად გადაეტანათ.

სასამართლოს მიმდინარეობის დროს რამდენიმე გასამართლებულმა ნარკორეალიზატორმა დაადასტურა, რომ მათ ერნანდესი მოისყიდეს.

პროკურორები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებულ ფულს ერნანდესი მოხელეების მოსასყიდად იყენებდა, რათა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

ბრალდებების უარყოფისას ერნანდესი ამტკიცებდა, რომ ის "ორგანიზებული დანაშაულისა და პოლიტიკური მტრების ვენდეტისა და შეთქმულების მსხვერპლი" გახდა.


close დახურვა