გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილის, კრისტიანე ჰოფმანის თქმით, გერმანიის მთავრობა წუხს, რომ საზოგადოების უარყოფითი რეაქციის მიუხედავად, ქართული ოცნება კვლავ აპირებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის მიღებას.
"ჩვენ სინანულით ვუყურებთ იმას, რომ სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება", - აღნიშნა მან.
გამოცემა Deutsche Welle-სთან ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმაც.
"დაკარგავს თუ არა ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს? ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება", - თქვა ფიშერმა.
ამასთან, ფიშერი ამბობს, რომ პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დამოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.