ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე Twitter-ზე საქართველოს პარლამენტის მიერ "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ მიღებულ კანონს შეცდომად აფასებს.
"იმედგამაცრუებელია იმის ყურება, თუ როგორ უშვებს საქართველოს მთავრობა ევროპასა და აზიას შორის ციფრული კავშირის საკითხში იმავე შეცდომას, რაც ანაკლიის პროექტში დაუშვა. მოვუწოდებ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, პრიორიტეტად საქართველოს საუკეთესო ინტერესები დასახოს და პატივი სცეს საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან", - წერს ჰოჯესი.
Disappointing to see @GovernmentGeo making the same mistakes from the #Anaklia Project again w/ the #Digital route between #Europe & #Asia. I urge the GNCC to prioritize what’s best for Georgia & respect the country's digital independence from #Russia https://t.co/hE6GfA0Ky9
ბენ ჰოჯესს კომენტარი უკრაინაში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენლის, კურტ უოკერის ინტერვიუზე აქვს თანდართული, რომელიც იმავე საკითხს მიმოიხილავს. უოკერი ინტერვიუში ამბობს, რომ კომუნიკაციების სექტორში ახალი რეგულაციები საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის საფრთხეებს ქმნის.
უოკერი ასევე ამბობს, რომ ახალი კანონი, რომელის საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა, Caucasus Online-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ოპტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაში უშლის ხელს.