logo
ENG



ჰუმანიტარული კორიდორები, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესაძლებლობა - მოლაპარაკებების II რაუნდი

03 მარ 202221:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/3fibbotzcuocv1i.jpg

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მხარეები შეთანხმდნენ მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობაზე და კორიდორების ადგილებში ევაკუაციის პერიოდში დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.

მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ჰუმანიტარული კორიდორები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის მოეწყობა. 

პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტაზე შეთანხმება არ მიღწეულა და მხარეები მხოლოდ მის შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ, თანაც მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ჰუმანიტარული კორიდორები მოეწყობა. 

პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციამ მოლაპარაკებების ფარგლებში სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია. ისინი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და დანგრეული ან მუდმივი დაბომბვის საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობას ითხოვდნენ. მოსალოდნელია დიალოგების მესამე რაუნდიც.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა, სამწუხაროდ, უკრაინისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ მივაღწიეთ. შედეგს მხოლოდ ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებაზე მივაღწიეთ“ - წერს პოდოლიაკი.

მოლაპარაკებების შედეგებსა და მესამე რაუნდის შესაძლებლობას რუსული მხარეც ადასტურებს.


close დახურვა