logo
ENG



​NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

02 დეკ 202117:21
3 წუთის საკითხავი
clock 716
2021/12/02/h47pe4ktslx1sjy.jpg

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ერთპარტიულად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე. შესაბამისად, NGO-ები მიიჩნევენ, რომ ასეთ კონტექსტში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 4 მოსამართლით დაკომპლექტება კიდევ უფრო ამცირებს მართლმსაჯულების სისტემისადმი ისედაც დეფიციტურ ნდობას.

"საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველისა და  საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი მანამ, სანამ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ პროცესების სამართლიანად, პარტიული თუ კორპორატიული ინტერესებისგან თავისუფლად წარმართვა. შედეგად, 1 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანომ უზენაეს სასამართლოში 4 ახალი მოსამართლე განამწესა უვადოდ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა აღნიშნული კონკურსი განსაკუთრებით პრობლემური იყო რამდენიმე გარემოების გამო:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი ზოგად უნდობლობას ზრდიდა ის გარემოებაც, რომ ამ დრომდე საბჭოში არ არის დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი. შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებდა მოსამართლე წევრთა სრული დომინაციით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა კორპორატივიზმის და კლანურობის აღქმებს;

წარსული გამოცდილებების მსგავსად, კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით კანდიდატების შეფასების ნაცვლად, საბჭოში მიმდინარე პროცესი ტოვებდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას;

საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები წარიმართა ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების დაბალი მონაწილეობით, რისი მიზეზიც იყო ზოგადი რწმენის არარსებობა, რომ საპარლამენტო მოსმენები კანდიდატების რეალური უპირატესობებისა თუ ნაკლოვანებების გამოვლენას, მათი პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას ემსახურებოდა;

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო ფაქტობრივად ერთპარტიულად და კვლავაც, მოსამართლეთა კანდიდატების დანიშვნა არ ემყარებოდა ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს", - წერია განცხადებაში. 

1-ლ დეკემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატი უვადოდ დანიშნა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს. 

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებია სახალხო დამცველის აპარატი. ამასთან, დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც

მოსმართლეების მოსმენის პროცესში განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. 


close დახურვა