სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს - მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.
აქტივისტების თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს მათი აქტიურობით უნდათ დაანახონ პარტნიორებს, რომ საზოგადოებას სურს ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მმართველი ძალა ხალხის ხმას არ ისმენს.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისულ აქტივისტებს პოლიციის კორდონი დახვდათ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.
„მოვედით იმისთვის, რომ ქვეყნის რეალური მმართველისთვის მიგვეწვდინა ხმა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მოგვცა. მათ დაადასტურეს, რომ ის კვლავ ნამდვილი მმართველია ქვეყნის, იცავს პოლიცია რომელიმე ჩვენგანის სახლს? არა. ივანიშვილი არის ფეოდალი, ოლიგარქი და ამას გამოხატავს პოლიციის ეს ქმედებაც", - ამბობენ აქტივისტები.
სამოქალაქო აქტივისტები უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის მიმდებარედ კარვებში აპროტესტებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას. მათი მოთხოვნებია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ცესკო-ს ახალი შემადგენლობით, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.