კანცელარია, სასამართლო, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია - დღეს დროებით დაილუქა. ანტისამთავრობო დემოსტრაციების მონაწილეებს ბოქლომების დამაგრებაში ხელს სამართალდამცველები უშლიდნენ. განსაკუთრებული მობილიზაცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან იყო. ე.წ.-ი პოლიტიკური აფიორის მთავარ შემოქმედთან. იქ დემონსტრანტებმა აქციის ფარგლებში ნაგვის ურნები განათავსეს და მაჟორიტარი დეპუტატების ფოტოები ჩაყარეს. აღსანიშნავია, რომ კანცელარიაში აქციის პარალელურად მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა, ხოლო შენობის ეზოში აქციის დასაშლელი ტექნიკა იყო მობილიზებული.
მონებო - ასეთი შეძახილების ფონზე მოუხდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სირცხვილის დერეფანში გავლა. ივანიშვილისთვის დისკომფორტის შექმნა დღეს ახალი დაკავებების საფუძველი გახდა „ქართული ოცნების“ ოფისთან. აქციის მონაწილეებს სურდათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის საკუთარი სათქმელი ეთქვათ. სამართალდამცველებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ჟურნალისტებსაც შეუშალა ხელი. პოლიციამ იქ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა. დაკავებულები ამ დროისთვის თბილისის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები. დაკავებულების ბედს 48 საათში მოსამართლე გადაწყვეტს.
“ძალიან მხნედ არიან და ყველამ კარგად იცის, რომ დაკავებები ამათი ბოლო სტადიაა. მალე ხელისუფლება დასრულდება. სასამართლოც და პოლიციაც ივანიშვილის ხელშია და გამორიცხული არაფერია,“ - განუცხადა „ფორმულას" უფლებადამცველმა აკო მინაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრებიც. ისინი ფიქრობენ, რომ აქციის მონაწილეების დაპატიმრება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
ბიძინა ივანიშვილს დღეს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია ევროკავშირის ელჩებისთვისაც. შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გრძელდებოდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა, მხოლოდ კადრები გავრცელდა. თუმცა, დიპლომატიური კორპუსის პოზიცია ცნობილია. დიპლომატები ამბობენ, რომ შეშფოთებულები არიან, რადგან მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა.