პარლამენტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები, სხდომათა დარბაზში გუშინვე ჩაატარეს და ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ დაკითხვებზე მისვლა დეპუტატებსაც მოუწიოთ.
მმართველი გუნდის დეპუტატები მომხდარში ოპონენტებს ადანაშულებენ და გამოძიებას მოუწოდებენ, რომ ობიექტურად გამოიძიონ საქმე.
„გამოძიება იმიტომ უნდა იყოს ობიექტური, რომ დაადგინოს რა იყო ეს და არა მე ვაკეთო კომენტარები რა იყო. ვმუშაობდით გარკვეულ გარემოში. იმ გარემოს შეცვლა რთულია. არ ვიცი ამას რა ვუწოდო“, - აცხადებს მაჭავარიანი.
„ოცნების“ დეპუტატ კობა ლურსმანაშვილს კი მიაჩნია, რომ გუშინდელი ინცინდენტი პარლამენტზე ორგანიზებული იერიშის მიტანა იყო.
„იერიშის მიტანა პარლამენტზე კანონით დასჯადია. ეს იყო პოლიტიკური აქტი და ეს შედიოდა მათ ინტერესში, ვისაც არ სურდა მიგვეღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ „ოცნებასა“ და საგამოძიებო უწყებას გუშინდელ პერფორმანსზე არადეკვატური შეფასება აქვს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ის პროკურატურაში დაბარებას არ ელოდება.
„მე ვიცი ის, რაც ტელევიზორით იციან დანარჩენზე. პარლამენტში გამოიყენეს ხსნარი და რომელსაც აქვს ცუდი სუნი. დანარჩენი სადამდე გაწვდება ივანიშვილის ფანტაზია არ ვიცი. რა თქმა უნდა, არანაირ პროკურატურაში დაბარებას არ ველოდები. სრული სიგიჟე იქნება. თუ ჩათვლიან, რომ ყველა დეპუტატი უნდა დაკითხონ, მათ შორის მეც მეტყვიან, ამ რეჟიმში პროკურატურასთან ვითანამშრომლებ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.
პარლამენტში კენჭსყრის მიმდინარეობისას უცნაური სუნი გავრცელდა, რის შემდეგაც რამდენიმე დეპუტატი და პარლამენტის აპარატის თანამშრომელი შეუძლოდ შეიქმნა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც. მმართველმა გუნდი მომხდარში ოპოზიციის დეპუტატები დაადანაშულეს და ზოგიერთმა მომხდარი ტერორისტულ აქტადაც შეაფასა. კერძოდ, მათი თქმით, ხსნარი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ლელა ქებურიამ და ირმა ნადირაშვილმა დაასხეს.
მოგვიანებით, მომხდარზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ პერფორმანსი მათი დადგმულია და გასხმული ნივთიერება უვნებელია. ნივთიერებას ACD-2F ქვია და მას ძირითადად, ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში", - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიამ".
ჯერჯერობით პროკურატურაში არც ერთი დეპუტატი დაუბარებიათ დაკითხვაზე.