„ფორმულამ" 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალის დადგენილება მოიპოვა.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, გიორგი გეთაშვილს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარებას ედავებიან. დოკუმენტში ასევე პირდაპირ წერია, რომ ბრალდებულები - გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა - განზრახვის განხორციელების მიზნით, დაუკავშირდნენ გეთაშვილს და ამ ფორმით გამოიყვანეს დავით მუმლაძე სახლიდან.
"განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი ბინიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის.
"2019 წლის პირველ ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე ქ. თბილისში მუხიანის დასახლებაში მცხოვრები დავით მუმლაძე გიორგი გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან, ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში (BMW-X6), სახელმწიფო ნომრით BB 449 BC. აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო მოძრაობა დავით მიროტაძესთან, მიხეილ ღუბიანურთან და დიმიტრი დუღაშვილთან წინასწარ შეთანხმებული მიმართულებით, კერძოდ, ქ. თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონის პირველი კორპუსის მიმდებარედ, სადაც მას შეთანხმებისამებრ, BMW-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - BB 836 HB, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და პოლიციის ყოფილი მუშაკი დიმიტრი დუღაშვილი. პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა სამივე ზემოაღნიშნულმა პირმა, მოახდინა დავით მუმლაძის დაკავების ინსცენირება, კერძოდ მათ შეიპყრეს დავით მუმლაძე, რომელსაც ჩამოართვეს ნივთები, მათ შორის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, დაადეს ბორკილი და იძულებით ჩასვეს თავიანთი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში“, - ნათქვამია დადგენილებაში.
თავად გეთაშვილის ადვოკატი ბრალის დადგენილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მუმლაძის მეგობარი იყო, ჩვენება კი იარაღის მუქარით მიაცემინეს.
დავით მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის - ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი.