logo
ENG



„ჩვენც ჰამიდი ვართ“- მასწავლებლის მხარდასაჭერად ახალგაზრდები ერთიანდებიან

24 ოქტ 201919:16
3 წუთის საკითხავი
 
aslsoj4hyglbnf0.png

„ჩვენც ჰამიდი ვართ“ - ამ ლოზუნგმა გარდაბნის სკოლის ახალგაზრდები მასწავლებლის მხარდასაჭერად გააერთიანა. 

გარდაბნის სკოლის მასწავლებელი სოფელში ბულინგის მსხვერპლი ადრეული ქორწინების წინააღმდეგ გაკეთებული პოსტის გამო გახდა. მას სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, შესაბამისი კადრები კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

სამოქალაქო ინიციატივა „სალამი“ საჯაროდ გავრცელებული მიმართვით, გეოგრაფიის მასწავლებელს თანადგომას უცხადებს. ვიდეო მიმართვით ისინი ცდილობენ, საზოგადოებას აჩვენონ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების ხედვა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. ამ ჟესტით ახალგაზრდები უსამართლობას, ნაადრევ ქორწინებასა და გოგონების ძალით მოტაცებას ებრძვიან. ამისათვის მათ სხვადასხვა აქტივობებიც დაგეგმეს. მხარდამჭერები გარდაბანში 35 კილომეტრიანი ველოტურის მოწყობასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ჰამიდ სადიკოვმა ფეისბუქ გვერდზე სტატუსი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ის სკოლის მოსწავლის მოტაცებას აპროტესტებდა. მალევე ახალგაზრდა მასწავლებელი კოლეგებისა და სოფლის უხუცესების მხრიდან, ბულინგის მსხვერპლი გახდა. სოფელმა ფაქტი შეურაცხყოფად მიიღო.

ჰამიდი ტელევიზიებთან ურთიერთობისგან თავს იკავებს. სავარაუდო იძულების ფაქტთან დაკავშირებით ის დაკითხვაზეც იმყოფებოდა, გოგონა კი რომელსაც ის გამოესარჩლა, სახლში დააბრუნეს და სწავლის გაგრძელებაც შეძლო.


close დახურვა