„ოცნების“ მერია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებსა და მუქარას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ. მუნიციპალიტეტი ე.წ. ცხოველთა დამცველებს დესტრუქციულ ქმედებებში, თანამშრომლების ბულინგში, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფერხებასა და პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში ადანაშაულებს. „ოცნების“ მერია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და საქმეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მისცენ.
„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხოველთა მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მერიის განმარტებით, ტერიტორია, სადაც სამარხების უკანონო გადათხრა მოხდა, შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის და სწორედ ბუნებრივი სიკვდილით თუ ავტოსაგზაო შემთხვევებით დაღუპული ცხოველების დასამარხად არის განკუთვნილი. უწყება უარყოფს ბრალდებებს ცხოველების დახოცვის შესახებ და აცხადებს, რომ სააგენტო პოპულაციის შემცირებას მხოლოდ კანონიერი გზით — სტერილიზაციით ახორციელებს.
