ამ დიდი სიხარულის დღეებში თქვენ ხედავთ ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ სურათს ყვავილებით შემკულს, საიდანაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შემოგვყურებს. ამ დიდ სიხარულის დღეებს წინ უძღოდა მისი უწმინდესობის გარდაცვალება. ვერაფერი აკავებს სევდას, წუხილს და ტკივილს და ეს ძალიან ადამიანურია. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის უკვდავი სული.
თუ თვალს გადავავლებთ 1977 და 2026 წელს შორის თუკი რამ გაკეთდა, შეიქმნა, აშენდა და დაფუძნდა ეკლესიის წიაღში, მის სახელს უკავშირდება. მის უწმინდესობას მინდა მივმართო - ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ ამ განსაცდელის ჟამს თქვენ თქვენი ლოცვა შეგვაწიეთ, რადგანაც საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის.
დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერი, ეკლესია. პირველი არჩევნებია, როდესაც უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და თუ ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული.
ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა, ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული იმ გუმბათქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია. ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ მოთმინებით, ლოცვით, ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას.
დაბოლოს რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, საკმაოდ რთულია, დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს ქვეყანას, თითოეულ ადამიანს, რთულ გზას გადის ჩვენი სამშობლო და ბუნებრივიცაა, ალბათ, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, საიდან მოვდივართ საით გვინდა, წავიდეთ. ია-ვარდით მოფენილ გზაზე არასდროს უვლია საქართველოს, მაგრამ როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, არ დაუთმია თავისი ღირსება საქართველოს. დღეს კი დაიბადა თაობა, რომელიც შეინახავს იმ ქრისტიანულ მორალს, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანობას, ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული.
თქვა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა ქადაგებისას.