logo
ENG


ზედანია: ვერასდროს გავხდებით ევროპული ქვეყანა - ეს იქნება აგენტად შერაცხვის მთავარი პრობლემა
გიგა ზედანია
22 თებ, 2023 15:35
ზედანია: ვერასდროს გავხდებით ევროპული ქვეყანა - ეს იქნება აგენტად შერაცხვის მთავარი პრობლემა
  • 395ნახვები
მგონი, ორი სიტყვა მაინც არის კიდევ სათქმელი სამოქალაქო საზოგადოებაზე - უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის კონტექსტში.
ფრაზა "საბჭოთა კავშირის ბრალია" უკვე მსუბუქ გულზიდვას იწვევს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რამეა საბჭოთა რეჟიმის ბრალი, ესაა სამოქალაქო საზოგადოების უსასტიკესი დაზიანება, რომლის ანალოგიც ისტორიაში ცოტა მოიპოვება.
ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირამდე საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვქონდა, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციებითა და თვითკმარი დაფინანსების წესით. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი რესურსი სწორედ ლენინის მიერ "ხალხების საპყრობილედ" წოდებულ (და, ობიექტურად, მართლაც ჩამორჩენილ და რეპრესიულ) რუსულ იმპერიაში მომზადდა სამოქალაქო საზოგადოების წიაღში. როცა ილია ჭავჭავაძეს "უგვირგვინო მეფეს" უწოდებდნენ, ეს იყო მზერა ფეოდალური წარსულიდან. სინადვილეში, ის სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ლიდერი იყო.
საბჭოთა კავშირმა სამოქალაქო საზოგადოება დააზიანა ორი მხრიდან: ჯერ ერთი, ოფიციალურად თავისუფალი გაერთიანებები გაასახელმწიფოებრივა; მეორეც, არაოფიციალურად, დარჩენილი სიცარიელე შეავსებინა ნათესაობა-მეგობრობაზე დაფუძნებულ ქსელებს. სამოქალაქო საზოგადოება ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, უცნობ ადამიანებს შორის თანამშრომლობას ხდის შესაძლებელს. საბჭოთა ქართული ცხოვრებისათვის ეს პრინციპი უცხო იყო.
ამიტომაც ბოლო ოცდაათი წელია, დასავლეთი (აშშ და ევროპა) ცდილობს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაეხმაროს ამ დაზიანებულ-გაჩანაგებული სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში. ეს არც ისე ადვილი ამოცანა აღმოჩნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა და ბევრი ახალი ლიდერი დაიბადა ამ პროცესში.
ოღონდ ბუნებრივად გაჩნდა შეკითხვაც - სამოქალაქო საზოგადოება ხომ თავად მოქალაქეებს უნდა წარმოადგენდეს. ჰოდა, თუ ის წარმოაგენს საერთაშორისო დონორებს, რომლებიც ფულს იძლევიან, მაშინ რაის სამოქალაქო საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ?
მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს აღწერა არაა ბოლომდე სწორი. ეს იმიტომ, რომ ზოგიერთს დასავლეთი ისე წარმოუდგენია, როგორც კრემლი ან საფავიდების დინასტია. მაგრამ დასავლეთის მთელი განსხვავებულობაც ისაა, რომ მან მოახერხა პლურალობის დაშვება და შენარჩუნება საკუთარი თავის შიგნით. ამიტომ მისი "წარმომადგენლებიც" 'პლურალურები', განსხვავებულები, ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც კი არიან.
მარტივი მაგალითი: გერმანიაში არსებობს რამდენიმე პოლიტიკური ფონდი, რომელიც საქართველოშიც აქტიურია და აფინანსებს აქაურ პროექტებს. კონრად-ადენაუერის ფონდი უფრო ლიბერალურია, ჰაინრიხ-ბიოლის ფონდი - უფრო მემარცხენე და ეკოლოგიაზე ორიენტირებული, როზა-ლუქსემბურგის ფონდი კი რადიკალურად მემარცხენე მიმართულებისაა. თითოეულ ამ ფონდს ჰყავს თავისი გრანტიორები, რომლებიც, ცხადია, გერმანიას და გერმანიის სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოაგენენ საქართველოში (გერმანელ მოქალაქეს ეს რომ უთხრათ, დარწმუნებული ვარ, შეურაცხყოფილი დარჩება). ისინი წარმოადგენენ იდეოლოგიურ და ღირებულებით პოზიციას, რომელიც განსხვავდება სხვა გრანტიორების ამავე სახის პოზიციისაგან. საერთაშორისო დონორების დახმარება სწორედ ამ პლურალობის განვითარებისკენაა მიმართული და ამიტომ ის არაა გარედან თავს მოხვეული ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ თხუთმეტი წელი იქნება უკვე, რაც არასამთავრობო ორგანიზიაში არ მიმუშავია, ვიცი, რომ არც მაშინ და არც ახლა ამ სექტორის წარმომადგენლები არ შეიძლება შეადარო რუსეთის აგენტებს, რომლებიც სამშობლოს ღალატობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამკვიდრებენ პლურალობის სივრცეს - ხან წარმატებით, ხანაც - წარუმატებლად, მაგრამ რაც ვართ, ეგ ვართ.
პლურალობისა, რომელიც ჩვენში ბევრს სასტიკად არ მოსწონს. თითოეულს აქ უნდა ყველაფერი. არანაირი დათმობა, მხოლოდ ნულოვანჯამიანი თამაში. "win-win" თამაში გამორიცხულია. თუ მე ადამიანი მეჯავრება, იმასთან ერთ ოთახში როგორ გავჩერდები? ვინც მე მაწყენინა, იმასთან ერთად საქმეს როგორ გავაკეთებ? მე ვურყტამდი, ახლა მე მირტყამენ, მომავალში ისევ მე ვურტყამ. ან პირიქით, მე მირტყამდნენ, ახლა მე ვურტყამ და იმდენი უნდა ვურტყა, რომ მომავალში ვეღარ დამარტყას.
არადა, სამოქალაქო საზოგადოება ეგაა ზუსტად - მე ჩემს ინტერესებს წარმოვადგენ, მაგრამ აპრიორი ვაღიარებ, რომ საერთო სივრცეში არსებობენ სხვები, განსხვავებული ინტერესებითა და ღირებულებებით. თუ ყველა ეს ადამიანი აგენტად შეირაცხა და შევიწროვდა, პრობლემა მხოლოდ ის კი არ იქნება, რომ დასავლური სტრუქტურების წევრი ვერ გავხდებით, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ თავად ვერ გავხდებით ევროპული და დასავლური ქვეყანა ვერასდროს.
ვიცი, რომ ვიღაცეებს ჰგონიათ, თითქოს ჩვენ ევროპელები ვიყოთ დაბადებიდან. ეგაა ზეზვას და მზიას ევროპელობა, რაც არა მგონია, დიდად შედეგიანი იყოს ჩვენი ცხოვრებისთვის. დასავლურობა და ევროპელობა კი შინაგანი პლურალობის კულტივაციაა, რასაც სწორედაც რომ სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს.
ამიტომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება დიახაც რომ მოქალაქეებს წარმოაგდენს - მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, მხარდაჭერა, ხელშეწყობა - მათ შორის დასავლეთიდან, მაგრამ მაინც მოქალაქეებს და არა - უცხო ძალას.
 

სოციალურ ქსელში წერს პროფესორი გიგა ზედანია "უცხოელი გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტზე. 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა