"ქართული ოცნების" ოფისში 11:00 საათზე უმრავლესობის შეხვედრაა დაგეგმილი. განხილვის მთავარი თემა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა იქნება. „ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანისვილთან ერთად ე.წ ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელზე მსჯელობა იქნება კონსტრუქციული.
"არსებობს ვალდებულებები და შეფასების სხვა კრიტერიუმებიც. კონსტრუქციული, მაგრამ საკმაოდ პრინციპული განხილვა გვექნება ამ საკითხზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თანაგუნდელისგან განსხვავებული პოზიცია აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს. ის აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, თუმცა განმარტავს, რომ მისი განხილვა მაინც უნდა მოხდეს.
"ვინაიდან საკითხი დაისვა, გუნდში უნდა მოხდეს მისი განხილვა, თუმცა მე პრინციპულად ვიქნები წინააღმდეგი ამ კანონპროექტის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
უმრავლესობის სხდომის გამართვას "ევროპულ საქართველოშიც" ეხმაურებიან. პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, რაც არ უნდა მოიფიქროს მმართველმა გუნდმა, ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდება.
"მგონი ის დროა, რომ დავაორგანიზოთ დიდი აქცია, რომ ბატონმა დიმიტრიმ მეორედ აღარ განახორციელოს ეს ამბოხება და ქვეყანა აღარ დაღუპოს, როგორც ეს პირველად გააკეთა. ეტყობა, ბატონ დიმიტრის სალაზღანდაროდ ბევრი დრო აქვს. რანაირი სპექტაკლიც არ უნდა დადგან, მაინც პროპორციული არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში“, - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ამერიკული მოდელი სწორედ იმ მაჟორიტარების ინიციატივაა, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხელ უკვე ჩააგდეს. მათ შორის ისევ არის დიმიტრი ხუნდაძე და დაჩი ბერაია.