logo
ENG

გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ეუთო-ს რეკომენდაცია გაითვალისწინონ - ევროპარლამენტარები ოცნებას აკრიტიკებენ

08 დეკ 201917:05
3 წუთის საკითხავი
 
w9nfk25s68amjbf.jpg

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპელი დეპუტატები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროდეპუტატებმა "ქართული ოცნება" თითქმის ყველა სფეროში ღიად და მწვავედ გააკრიტიკეს. ისინი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან პირობა არ შესრულდა.

„მოლაპარაკების მთავარი თემა მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იყო. უპირობოა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და ამისთვის საჭიროა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ხელისუფლებამ ეს უნდა გააცნობიეროს. საქართველოს ევროპასთან დაახლოება სურს, ხოლო ევროპასთან დაახლოების გზა ადამიანის უფლებების უზენაესობის პატივისცემაა. სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ამის განუყოფელი ნაწილია. არავის ინტერესშია საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ჰემლუტ გეიუკინგმა

მის აზრს იზიარებს კიდევ ერთი ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ეუთო-ს მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. 

„ჩვენი საერთო ინტერესია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება. ამიტომ ვთხოვთ ყველას, რომ მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ დიალოგს. ასეთი დიალოგი დღეს საღამოს 18:00 საათზეა დანიშნული. უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია. ვთხოვ ხელისუფლებას პატივი სცეს ეუთო-ს ODHIR-ის რეკომენდაციებს, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან. 

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ე.წ. გავრილოვის ღამის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მიუღებელია იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავდნენ. 

„ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსამართლეთა არჩევა მოხდეს თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს ფუნდამენტურია ჩვენთვის. ყურადღება მიაქციეთ კანონის უზენაესობას. გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრება უნდა და მიუღებელია, რომ 2019 წელს ადამიანი ციხეში იჯდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა“, - აცხადებს კიდევ ერთი ევროდეპუტატი.
ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკას "ქართული ოცნების" წევრი დავით სონღულაშვილი ეხმაურება. ის მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. 

"ის, რაც ხდება, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესი. ალბათ მსგავსმა პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, სადაც იქმნება პოლიტიკა. დაპირება შესრულებულია, მხოლოდ თარიღშია სხვაობა. 2020 წელს იმიტომ არ ჩატარდება, რომ მხარდაჭერა პარლამენტში ვერ მოიპოვა ამ კანონპროექტმა", - აღნიშნა სონღულაშვილმა. 

 

 

 


close დახურვა