logo

აბესაძე იპოდრომზე:ეჭვებია ფულის გათეთრებაზე, შესაძლოა ეს გამოძიების ინტერესის საგანი გახდეს

30 ივნ 202011:28
3 წუთის საკითხავი
clock 393

„ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და მაღალია ალბათობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ თანხის უკანონო მიზნებისთვის გამოყენება სცადოს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენაზე საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, განხორციელებული ტრანზაქცია ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, ამიტომ აუცილებელია, ივანიშვილმა შესაბამისი განმარტებები გააკეთოს.

„როდესაც ადამიანი საკუთარი თავისგან 60 მილიონად ყიდულობს რაღაც ქონებას, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს და საეჭვოა. თუმცა, ამ ყველაფერს ამძაფრებს ის ბუნდოვანება, რაც ზოგადად უკავშირდება ქალაქისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიას, რომელიც წლებია ივანიშვილის ხელშია. აქ არაფერი გაკეთებულა და ახლა ვიგებთ, რომ 60 მილიონი საკუთარ თავს გადაუხადა და გადააფორმა ერთ კომპანიიდან მეორეზე. რა ფულია ეს, რა მიზნით გაკეთდა გადაფორმება? „ინვესტ კაპიტალი“ არის კომპანია, რომელიც რამდენადაც მე ვნახე, არც ერთ ივანიშვილის ინფრასტრუქტურულ პროექტში არ მონაწილეობს. ანუ, სად მიდის და რა დანიშნულება ექნება 60 მილიონ ლარს, გაურკვეველია. გასაგებია, რომ ეს არის კერძო კომპანია და მისი საქმეა, რაში გამოიყენებს მის კუთვნილ ფულს, მაგრამ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე, მის კომპანიაზე და ამ საეჭვო გარიგებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლეგიტიმური კითხვები. ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ივანიშვილმა სცადოს ამ თანხის უკანონო მიზნებისთვის გამოყენება. უნდა მოვისმინოთ მკაფიო განმარტებები ფონდი "ქართუსგან", მათ შორის ბატონი ივანიშვილისგან, შემომწირველების, თანხის წარმომავლობის, მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ“, - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, საკითხი შესაძლოა საგამოძიებო ორგანოებისთვის ინტერესის საგანი გახდეს, თუმცა არა „ქართული ოცნების“, არამედ მომდევნო ხელისუფლების პირობებში.

„აქ იკვეთება ბევრი ეჭვის გამომწვევი ფაქტორი როგორც ფულის გათეთრებაზე, ასევე სამომავლო უკანონო მიზნებზე და შესაძლებელია, ეს გახდეს ინტერესის საგანი საგამოძიებო ორგანოებისთვის, თუმცა არა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, არამედ არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ იპოდრომის ტერიტორიის მყიდველიც და გამყიდველიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. კერძოდ, ფონდმა „ქართუმ“ ქალაქის ცენტრში, სარეკრეაციო ზონაში 6 ნაკვეთი, ანუ ჯამში მთლიანად იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ინვესტ კაპიტალისგან“ 60 მილიონ ლარად იყიდა.

პოპულარული სიახლეები
close დახურვა
egreve