ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ - მოკლედ
31 ოქტომბერს საქართველო მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წინა წლებისგან განსხვავებული განსხვავებული სისტემით და მოლოდინებით ჩატარდება - მისმა შედეგებმა ქვეყნის პოლიტიკური რეალობა შეიძლება, შეცვალოს.
საქართველოს აქვს შანსი, ხელისუფლება კოალიციურმა მთავრობამ მართოს, რომელიც გააერთიანებს განსხვავებული პოლიტიკური პარტიების, გემოვნების და ხედვების ადამიანებს. შესაბამისად, მათ მოუწევთ, სხვადასხვა საკვანძო საკითხზე კონსენსუსს მიაღწიონ.
საარჩევნო სისტემა
31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა 150 მანდატი წინა არჩევნებისგან განსხვავებულად გადანაწილდება - 120 პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით. წინა წლებში პარლამენტში 73 მანდატი მაჟორიტარული წესით, ხოლო 77 - პროპორციული სიით ნაწილდებოდა.
საარჩევნო ბარიერი 1%-იანია. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 1%-ის მიღების შემთხვევაში პარტიას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება. წინა წლებში პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
40%-იანი ჩამკეტი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედებს 40%-იანი ე.წ ჩამკეტი პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ პოლიტიკურ ძალა, რომელსაც არჩევნებზე მისული მოქალაქეების 40%-ზე ნაკლების მხარდაჭერა ექნება, მთავრობის დაკომპლექტებას დამოუკიდებლად, სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე, ვერ შეძლებს.
ხმების 40% უდრის დაახლოებით 48 მანდატს. კონკრეტულად რამდენი ადგილი ერგება ამ შედეგის პარტიას პარლამენტში, დამოკიდებული იქნება ე.წ დაკარგული, გაუნაწილებელი ხმების რაოდენობაზე - ანუ იმ პარტიებისთვის მიცემულ ხმებზე, რომლებიც 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
ჩამკეტი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტია ხმების 40%-ზე ნაკლებს, ამასთან, მოიგებს თუნდაც 28 ან მეტ მაჟორიტარულ ოლქს, არ მიეცემა უფლება, საკანონმდებლო ორგანოში 75 ადგილზე მეტი დაიკავოს. ამ შემთხვევაში ამ პარტიის მანდატები პროპორციული სიიდან შეიკვეცება.
თუ პარტიამ ხმათა 40%-ზე მეტი მიიღო, მისთვის განკუთვნილ პროპორციულ მანდატებს დაემატება ყველა მოგებული მაჟორიტარული მანდატი. ამ შემთხვევაში პარტიას აქვს თეორიული შანსი, პარლამენტში 75-ზე მეტი ადგილი ჰქონდეს.
მთავრობის დაკომპლექტება
თუ რომელიმე ერთ პარტიას ექნება 76 მანდატი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა, მას მიენიჭება მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება.
თუ საპარლამენტო უმრავლესობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს, ანუ არც ერთ მათგანს არ ექნება 75 ადგილზე მეტი, საჭირო გახდება კოალიციური უმრავლესობის შექმნა. კოალიციური უმრავლესობა იმსჯელებს კოალიციური მთავრობის შემადგენლობაზეც.
ვინ იქნება კოალიციური მთავრობის წევრი, დამოკიდებული იქნება კოალიციური უმრავლესობის წევრების შეთანხმებაზე. იმას, ვისაც მეტი მანდატი ექნება, ექნება მეტი ძალაუფლება და გავლენაც. თუმცა, ეს კანონით არსად არის განსაზღვრული. შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა ისეთ პარტიას, რომელსაც პარლამენტში მანდატების მცირე რაოდენობა აქვს, მიენიჭოს, მაგალითად, რამე საკითხზე ვეტოს უფლება. და შესაძლოა, ასეთმა პარტიამ ამა თუ იმ საკითხზე ისეთი ხისტი პოზიცია დაიკავოს, რომ კოალიციის სხვა წევრებთან ვერ შეთანხმდეს.
თუ კოალიციის წევრ პარტიებს შორის შეთანხმება და კონსენსუსი ვერ მოხერხდა, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, რიგგარეშე არჩევნები გაიმართება და ყველა ზემოთ აღწერილი პროცესის ხელახლა გავლა იქნება საჭირო.
როგორ ჩატარდება შემდეგი არჩევნები
2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ყველა შემდგომი რიგგარეშე არჩევნები, 2024 წლამდე, ამ სისტემით უნდა ჩატარდეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით და 3%-იანი ბარიერით გაიმართება.