logo
ENG



"ანგარიშსწორების ბერკეტია" - მედიაომბუდსმენი ფორმულას ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერებაზე

06 აპრ 202315:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/06/bcn6u7yl658oyx7.jpg

მედიაომბუდსმენი პარლამენტის მიერ შაბათის ფორმულას ჟურნალისტისთვისა და ოპერატორისთვის აკდერიტაციის შეჩერებას ეხმაურება.

როგორც მედიაომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება.

"საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დარღვევაზე მითითებით, სოფო გოზალიშვილს პარლამენტის შენობაში მუშაობის უფლება 2023 წლის 03 მაისამდე შეუჩერდა.

აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, შაბათის ფორმულას წარმომადგენლებს აკრედიტაცია 1 თვის ვადით - 3 მაისის ჩათვლით შეუჩერდათ.

საქმე ეხება პირველ აპრილს შაბათის ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.

2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.


close დახურვა