ქართული ოცნების განცხადებით, პოლარიზაციის შესამცირებლად აგრესიულ რიტორიკაზე "ერთგვარი მორატორიუმი" უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ოპოზიციამაც თავი უნდა შეიკავოს.
"პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში, პოლიტიკური დისკუსია ნაცვლად სახელმწიფო მნიშვნელოვანი საკითხებისა საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით, ანალოგიურად ოპოზიციამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლებას საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს
იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნით საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზირებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული.", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც იგი ამბობს, პოლიტსაბჭოზე კომისიის მიერ დათქმული 12-პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც სტატუსის მინიჭებამდე უნდა გატარდეს.
კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტის, პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება. მისივე თქმით, ამ გუნდის წევრი იქნება ყველა საპარლამენტო პარტია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები.