logo
ENG



"დაიცავით ჟურნალისტების უსაფრთხოება" - დამოუკიდებელი მედიების ხელმძღვანელების განცხადება

05 ივლ 202114:08
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი მედიების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება დაიცვან. 

როგორც ტვ პირველის ხელმძღვანელმა ვატო წერეთელმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და უშუალოდ შს მინისტრმა ჟურნალისტებზე ნადირობის სეზონი გამოაცხადა. 

"დღეს რამდენი ჟურნალისტი სცემეს თვლაც გვიჭირს. ვფიქრობ, რომ გომელაურმა და უკვე ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნა ჩვენს ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები და განვარიდოთ ადგილს. დღეს მათი სიცოცხლე არ არის დაცული და საფრთხეშია", - თქვა ვატო წერეთელმა. 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის თქმით, ის რაც დღეს ქალაქის ცენტრში ხდება, პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გუმბარიძე პასუხისმგებლობას ასევე საქართველოს საპატრიარქოსაც აკისრებს. ის დიპლომატიურ კორპუსსს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. 

⁠"დღეს ვადევნებთ თვალს ძალინ საშიშ პროცესს, პროცესს რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ ფაქტიურად მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები წამახალისებელია იმისთვის, რომ ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენი ჟურნალისტი რატი წვერავა და მთლიანად დღეს მედია იმყოფება საფრთხის წინაშე. ის რაც დღეს ხდება პირდაპირი პასუხისმგებლობაა უპასუხისგებლო ხელისუფლების და მათი უპასუხისმგებლო გამონათქვამის და სამწუხაროდ მეორე ინსტიტუცია, რომელსაც ბრალი მიუძღვის იმაში, რაც ხდება დღეს თბილისის ქუჩაში, ეს არის საპატრიარქო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ განახორციელონ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ იყოს დაცული ყველა ჟურნალისტის და ადამიანის გადაადგილება და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ იმ მოვლენებში, რაც დღეს ხდება. სამწუხაროდ ისინი არიან პოზიციაში, როდესაც ითვლიან ხმებს, მაგრამ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გთხოვთ რაც შეიძლებს მეტად პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს. პასუხსიმგებლობით შეასრულონ თავიანთი საქმიანობა", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ პოლიციის რეაგირება არ არის პრევენციული, არამედ პირიქით შსს-ს თანამშრომლები ძალადობაზე პოსტფაქტუმ რეაგირებენ. 

"საქართველოს ხელისუფლება არ ან ვერ არ ასრულებს საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეები დამნაშავეებისგან, რომლებიც ემუქრებიან ადამიანებს სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანებით. ჩვენ ჟურნალისტებს აქვთ მიღებული დაზიანებები. საქართველოს ხელისუფლებამ არ აიღო პასუხიმგებლობა აღნიშნულზე. პოლიცია მოქმედებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ მათი რაოდენობა იქ იმგვარია, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომ ისინი გაუმკლავდნენ ამ შემთხვევებს. პოლიციის რეაგირება არის მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირება და არა პრევენციული რეაგირება. ადამიანები გადაადგილდებიან თავისუფლად და არბევენ ქალაქს.

ჯერჯერობით იქ არავითარი პრაიდი არ არის, მაგრამ ეს ადამიანები არბევენ ქალს და მძიმე დაზიანებებს აყენებენ ჟურნალისტებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მედიას. ყველას კამერები გვაქვს განადგურებული. ⁠მოცემულობა არის იმგვარი, რომ არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს, საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა - ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქმედებისას", - თქვა გვარამია.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.

 


close დახურვა