logo
ENG



"დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" - 3 დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელი ამერიკის ელჩს შეხვდა

05 ივლ 202121:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/r5x1vc3ch15pdez.png

3 კრიტიკული და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის - ფორმულას, მთავარი არხის და ტვ პირველის, გენერალური დირექტორები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ. 

როგორც მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ელჩი ყველა მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით ინფორმირებულია. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა იყოს გამოვლენი, ხოლო მოძალადეები დასჯილი, რათა ძალადობის წახალისება არ მოხდეს. 

"შევთანხმდით ერთზე და უმთავრესზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და არც ერთი ცალკეული ჯგუფის - ასე გაგრძელება არ შეიძლება. ძალადობა უნდა დაისაჯოს, ვის წინააღმდეგაც იგი არ უნდა იყოს მიმართული, განსაკუთრებით მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობაზე მაქვს საუბარი და რა თქმა უნდა სხვა ჯგუფებისაც, იქნება ეს ლგბტ თემი თუ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.

ძალადობა არ უნდა იყოს დატოვებული დაუსჯელად, რადგან ეს არის წახალისება ძალადობის. პასუხისმგებლობა ყოველთვის და ყველაფერში ეკისრება არა საეკლესიო ჯგუფებს, არა ცალკეულ პარტიებს, არამედ ხელისუფლებას, რადგან მხოლოდ მათ ძალუძს, რომ აღკვეთონ ძალადობა და უზრუნველყონ ადამიანების და ჟურნალისტების თავისუფლება", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ამისთვის დიალოგია საჭირო. მისივე თქმით, ყველა დამნაშავე მალევე უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ფაქტები მომავალშიც განმეორდება.  

"კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კარგად არის ინფორმირებული, იმ მოვლენებზე, რაც ხდება ქვეყანაში და ყველა იქ შეკრებილი მედიის წარმომადგენელი იყო ერთ აზრზე. ყველა გმობს იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც დღეს განხორციელდა. ამ პოლარიზაციის დასასრული შესაძლოა იყოს მხოლოდ საუბარი, მხოლოდ დიალოგის გახსნა.

მოვუწოდებ ქართულ ოცნებას - ფორმულა არის დღეს ერთადერთი ნაციონალური მედია საშუალება, რომელზეც ისინი ჯერ კიდევ არ დადიან ეთერებში, არ სცემენ პასუხებს იმ დაგროვილ კითხვებს, რაც აქვთ ჟურნალისტებსა და მაყურებლებს, რომელთა წინაშეც ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშვალდებულები არიან. ყველა დამნაშავე ძალიან მალე უნდა დაისაჯოს. თუ ქვეყანაში არ იქნება კანონის უზენაესობა, ასეთი ფაქტები განმეორდება და ამის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იქნება", - განაცხადა გუმბარიძემ. 

ძალადობის ფაქტს გმობს ტვ პირველის ხელმძღვანელი ვატო წერეთელიც. ის ამბობს, რომ ძალადობა დაუშვებელია ყველასთვის, გარდა ქართული ოცნებისა. 

"ელჩი მაქსიმალურად ინფორმირებულია. კონკრეტული დეტალები ყველამ გავაცანით და მოვუყევით. მთელი პლანეტა თანხმდება, რომ ძალადობა არის დაუშვებელი, ქართული ოცნების გარდა, ჩემი გადმოსახედიდან", - ამბობს ვატო წერეთელი. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა