მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ნამახვანჰესის მოაწინააღმდეგეთა მხარდასაჭერად და აქტივისტებზე ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, აქცია 18:00 საათიდან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი რიონის ხეობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების კონსტიტუციური თავისუფლებების შელახვის საგანგაშო ვითარებაზე ამახვილებს ყურადრებას, ნაწილი კი მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ საპოლიციო ძალებმა ხეობა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა უძილაური.
აქციის მონაწილეები გადაადგილების შეზღუდვას დემონსტრაციულად დაარღვევენ და ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან.
რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა.
15 აპრილს ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა თქვეს, რომ "იგრძნობოდა დათმობითი სულისკვეთება" და რომ "თუ ჰესის აშენება შეეწინააღმდეგება საერთო ინტერესს, ის არ აშენდება".
პარალელურად კი კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.
პარალელურად პროტესტი გრძელდება. "რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.