აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია. ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ოცნების წევრებმა უნდა ახსნან, რატომ ფიქრობენ, რომ აშშ-ისა თუ სხვა ქვეყნების ელჩები ცდილობენ, საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ.
"უნდა აუხსნან მაგალითად ჟურნალისტებს, რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენი ელჩი და სხვები ცდილობენ საქართველოს კონფლიქტში ჩარევას. უკრაინა არ ითხოვს ჯარისკაცებს, უკრაინა ითხოვს იარაღს თავდაცვისთვის. ნაცვლად იმისა, პასუხი გასცენ, რატომ ადანაშაულებენ დასავლეთს საქართველოს კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში, ვკითხავდი, რატომ არ აკეთებენ ყველაფერს, რომ უკრაინის უფლებები იყოს დაცული, რომ საზღვრების სუვერენიტეტი იყოს დაცული, რადგან საქართველოც დაზარალდა რუსეთის ხელით. როგორ შეიძლება მთავრობამ გაამართლოს, რომ 100%-ით არ უჭერს მხარს უკრაინას ეკონომიკურად, დიპლომატიურად და სამართლებრივად. არ გჭირდებათ ჯარის გაგზავნა, იმიტომ რომ საქართველო არ იქნება ჩართული ამ კონფლიქტში, ამიტომ ქართული ოცნების წევრების მხრიდან გვარების დაკონკრეტება მიუღებელია, ეს აჩვენებს, რომ მათი არგუმენტები უსაფუძვლოა", - თქვა ჰოჯესმა.
კითხვაზე, "აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაქცია გამწვავდება", ჰოჯესი იმედს გამოთქვამს, რომ მათი რეაქცია გახდება უფრო მკაფიო.
"ვიმედოვნებ, რომ რეაქცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან გახდება უფრო მკაფიო. უნდა მოვითხოვოთ, რომ ხალხი ცივილიზებულად მოქმედებდეს საერთაშორისო ურთიერთობებში. სწორედ ამას ვკითხულობ, რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში, ან მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა. რა მიიღო ქვეყანამ რუსეთისგან და რა მიიღო დასავლეთისგან, თუნდაც შესაძლებლობების, ინვესტიციების თვალსაზრისით. რუსეთმა რამით გააუმჯობესა საქართველოს ცხოვრება? ვინც აფხაზეთსა და ცხინვალში ცხოვრობს, მათი ცხოვრება გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც არაკანონიერად არიან ოკუპირებული რუსული ჯარების მიერ? - არ მგონია. შესაძლებლობების, პოტენციალის თვალსაზრისით, გაუმჯობესება დასავლეთთან ურთიერთობების შედეგია, ამიტომ რატომ შეიძლება ქართულმა ოცნებამ გააკეთოს რამე, რაც ამას რისკს შეუქმნის, არ მესმის', - თქვა ჰოჯესმა.