ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა საარჩევნო ბლოკ "ძალა ერთობაშიასთან" ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის გაერთიანებას "ეშმაკთან დადებულ კონტრაქტს" უწოდებს.
"ათეული წლებია ქვეყანას ძარცვავენ, იტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ხრავენ ბიუჯეტს, ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, ყველა ხელისუფლების ოლიგარქიულ დასაყრდენად იქცნენ.
ამათი მაჟორიტარული ვნებების გამო დაგვარბიეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და ახლა "ოპოზიციის მანტიით" კვლავ ძალაუფლებისაკენ მიილტვიან. ეს იგივეა შეთანხმება გაფორმებულიყო ივანიშვილთან, კალაძესთან, ფარცხალაძესთან, და ა.შ", - წერს გუგავა Facebook-ზე.
კახა ოქრიაშვილმა ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთობლივ მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერა. ოქრიაშვილმა, რომელმაც 2008 - 2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 2016 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2019 წელს მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებთან ერთად მხარი არ დაუჭირა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის გამოც ცვლილებები ჩავარდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართულ ოცნებას ოქრიაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაუსახელებია. მიზეზად ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოქრიაშვილი "გუნდს დაშორდა".
ოქრიაშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვის, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დააარსა და მაჟორიტარად კენჭს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში იყრის.
მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს პარტია ევროპული საქართველოც.