5-6 ივლისს ძალადობაზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორგანიზატორები სამართლებრივად არ იკვეთებიან და თუ "დაბალ სტანდარტს" გამოიყენებენ გიორგი ვაშაძეც დასაჭერია.
"მე მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც აქ ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე 7-8 მარტს, მაშინ იყო პირდაპირი მოწოდებები, ორგანიზებული იყო შეკრება და უფრო მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტისთვის. ამ ალყას შემდეგ მოყვა ძალადობრივი აქტები. თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, რასაც თქვენ ითხოვთ, პირველი დასაჭერია გიორგი ვაშაძე, დასაჭერები არიან სხვა ლიდერებიც", - განაცხადა კობახიძემ.
5-6 ივლისის ძალადობიდან 2 წლის თავზე ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან.
2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.
5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა.
ძალადობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა. 5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველი იყო.
ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები - ალტ-ინფოს ლიდერები.