"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე 90 ათასმა მოქალაქემ დაძლია და არსებობს მოლოდინი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნების ფონზე სიღარიბე 2030 წელს სრულად აღმოიფხვრას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.
"დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია.
2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.
ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება...
ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდას და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შესაძლებლობების გაფართოებას, ისე სიღარიბის შემცირებას", - თქვა კობახიძემ.
