"შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია" - 5 აგვისტოს, 17:00 საათზე, ამ სლოგანით პუშკინის სკვერში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა, ხელოვნების მუზეუმის შენობის რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტებმა და გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა.
"არ აქვს მნიშვნელობა შენს პროფესიას, არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს, სქესს, აღმსარებლობას, სოციალურ სტატუსს, პოლიტიკურ სიმპატიას, ვინაიდან, შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია!
სწორედ ამიტომ, საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის" 5 აგვისტოს, ხუთშაბათს, 5 საათზე გიწვევს ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერ აქციაზე, პუშკინის სკვერში.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია!
ვინც გრძნობთ, რომ კარგავთ
ვინც გვეთანხმებით და "მათ" არ ეთანხმებით,
ვინც უიმედოდ ხართ, მაგრამ მაინც შეგიძლიათ,
ვინც დარწმუნებული ხართ და ემზადებით,
ვინც მოდიხართ და სხვაც მოგყავთ, ვისაც არ გემეტებათ და არ დათმობთ,
ვისაც მრავალჯერ დაგზარებიათ, მაგრამ დღეს უკვე აღარ..,
მოდით აქციაზე, რომ ერთად ვუთხრათ მუზეუმს: დაგიცავ! აღგადგენ! გიპატრონებ!
ვუთხრათ ხელისუფლებას: არ დაგანგრევინებ! არ დაგითმობ! არ გაგანადგურებინებ", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
***
ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს".
ექსპერტიზის დასკვნა კომპანია "კარიატიდამ" მოამზადა.
ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს.
მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.
დანგრევის შესახებ დასკვნა გააპროტესტა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რის გამოც ის, მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. მისი ადგილი, თეა წულუკიანის ბრძანებით, ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა.