პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სასახლეში შესვლას პოლიტიკურ თავდასხმას უწოდებს.
განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს თავდასხმას, არის პოლიტიკური.
"ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თაცდასხმას, ან თავდასხმის მცდელობას პრეზიდენტის ისნტიტუტზე, არის პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ თავდასხმა არის, იმიტომაა თქვენი ინტერესი ფართოდ გამოხატული ამ საკითხთან", - თქვა მან ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება ნამუშევრის დაზიანებას, ის განმარტავს, რომ სვიმონ დადიანის ნამუშევრები, პრეზიდენტის ჩართულობით, აშშ-დან პარიზში გაიგზავნა, პარიზიდან კი საქართველოში, ხელოვნების სასახლეში მიიტანეს, ამის შემდეგ კი 5 მათგანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შესაბამისად, მისივე განცხადებით, დაუდგენელია, უშუალოდ რა ეტაპზე დაზიანდა ნამუშევარი. ის განმარტავს, რომ დაზიანება უმნიშვნელოა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში 2 წლით უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკან, ხელოვნების სასახლეში დაბრუნებულიყო, არასწორია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ხელოვნების სასახლეს მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, რომლის ვადაც სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დასრულებამდეა.
დღეს, 13 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.
ინსპექციის წარმომადგენელმა ადმინისტრაციაში განაცხადა, რომ ერთ-ერთ ნამუშევარს "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს".
"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 12 თებერვალს საქართველოს მთავრობა სანდრო სულაბერიძის წარწერის გამო საქმის აღძვრისა და ხელოვანების საპროტესტო აქციაზე პოლიციის მობილიზების გამო გააკრიტიკა.