"ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა.
"დასრულდა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიმყოფებოდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს. არჩევნებმა ზოგადად ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში, მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი ნება გამოეხატა თავისუფლად, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე. იყო უპრეცენდენტო მონაწილეობა, ისტორიაში ყველაზე მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ეუთო/ოდირის დასკვნები დღეს თბილისის დროით 5 საათისთვის, პირველადი მონაცემები იქნება შეფასების გამოქვეყნებული, ხოლო 2 თვის თავზე უკვე საბოლოო შეფასაბა გაკეთდება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით", - თქვა ლევან მახაშვილმა.
"დასრულდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვიცით, დათვლილია ხმების 99%. დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა გაერთიანება „ტისამ". როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გამარჯვებულ ძალას, ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე. მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა, რათა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს", - თქვა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან დელეგაცია დააკვირდა, რომლის წევრები "ქართული ოცნების" პარლამენტის დეპუტატები იყვნენ.
გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი უნგრეთში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში ჩავიდნენ.
