logo
ENG



"ყურადღებით ვაკვირდებით გვარამიას საქმეს" - მიშელის კაბინეტი NGO-ებსა და მედიებს პასუხობს

24 ნოე 202211:08
3 წუთის საკითხავი
 
"ყურადღებით ვაკვირდებით გვარამიას საქმეს" - მიშელის კაბინეტი NGO-ებსა და მედიებს პასუხობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კაბინეტი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს საპასუხო წერილს უგზავნის, რომელიც მთავარი არის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხება.

მედიებმა და NGO-ებმა შარლ მიშელს წერილი 7 ნოემბერს გაუგზავნეს და მიმართეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს. 

მიშელის კაბინეტის საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი "ყურადღებით ადევნებს თვალს" ნიკა გვარამიას საქმეს.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ "საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად".

შარლ მიშელის კაბინეტის წერილი სრულად:

"ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოება და მედიის კომპანიების წარმომადგენლებო, მადლობა 7 ნოემბრის ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამთ ბატონი ნიკა გვარამიას გასამართლების გამო.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი ნიკა გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით. ევროკავშირში არ კეთდება კომენტარები ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბატონი გვარამიას საქმეში, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბატონი გვარამიას საქმეზე.

ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის ის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივი სტანდარტებს.

ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს"


close დახურვა