logo
ENG



"20 ივნისის ამნისტია წითელი ხაზია" - ანი მიროტაძემ ლელო დატოვა

02 ივნ 202116:05
3 წუთის საკითხავი
 

ანი მიროტაძემ პარტია ლელო საქართველოსთვის დატოვა. მან გადაცემა კომენტარში წამოსვლის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ გარკვეულ საკითხებში მას ლელოსგან განსხვავებული ხედვა ჰქონდა.

პარტიის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად მიროტაძე 20 ივნისის ამნისტიას ასახელებს და ამბობს, რომ მისთვის ეს წითელი ხაზია.

"ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის...

მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში, ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია", - ამბობს ანი მიროტაძე.

საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირებული: ხელისუფლების და ოპოზიციის.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოზიციების დაახლოების მიზნით დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.


close დახურვა