2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა ითხოვენ. თუმცა როგორც ადგილზე შეკრებილებს განუცხადეს, რიჟვაძე მათ ვერ შეხვდება, რადგან შაბათ დღეს სამსახურში არ იმყოფება.
"დღეს შევიკრიბეთ მხოლოდ 7 ადამიანი იმიტომ, რომ შეხვედრის ფორმატი ყოფილიყო ადვილი და მისთვის მოსახერხებელი, მოვედით მთავრობის თავმჯდომარესთან მისი ყოვლად მიუღებელ განცხადებასთან დაკავშირებით, გვინდოდა, გვეკითხა, თუ ჩვენ და ჩვენმა ქვედანაყოფებმა მისი აზრით, რატომ წავაგეთ ეს ომი ლაჩრულად და თუ ის არ თვლის ამ განცხადებას სწორად და უნდა მას ბოდიშის მოხდა, მოგვესმინა ეს ბოდიში, ჩვენთვის არა, იმ ბიჭებისთვის, ვინც თავი დადო და შესწირა ქვეყანას.
მოეხადა ბოდიში ან აეხსნა ისევ იზიარებს თუ არა ამ განცხადების შინაარს. ჩვენ ვთხოვეთ დაცვის სამსახურს, გადაეცა მისთვის, ნებისმიერ ფორმატზე ვიყავით თანახმა, მედიების თანდასწრებით, მაგრამ პასუხიც არ გვითხრეს, ძალიან მარტივი, შაბათი დღეა და ის თურმე სამსახურში არ არის", - განაცხადა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა, თადარიგის კაპიტანმა, მიხეილ მარგალიტაძემ.
მათი თქმით, თუ რიჟვაძე ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს:
"ბოდიში მოიხადოს, კატეგორიული ბოდიში მოიხადოს, თუ არადა, გადადგეს თანამდებობიდან".
15 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა.
მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".
რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
კრიტიკის შემდეგ, გუშინ თორნიკე რიჟვაძემ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყა და ქართველ ჯარისკაცებს "გმირები", მიხეილ სააკაშვილს კი ლაჩარი უწოდა.