ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი Facebook-ზე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაციამ მელაშვილს უფლება არ მისცა, რომ ადვოკატისთვის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული ანალიზი გადაეცა, ის მატროსოვის ციხიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს:
"როგორც აღმოჩნდა გუშინდელი ამბის შემდეგ, ივერი მელაშვილი მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
ახლა მივდივარ და კიდევ ერთხელ, დაცვის სტრატეგიისთვის, კონკრეტულ დოკუმენტებზე მჭირდება მისი უშუალო მოსაზრებები.
იმედი მაქვს სპეციალური პენიტენციური სამსახური გაიაზრებს ბრალდებულის დაცვის უფლების მნიშვნელობას, მის როლს ამ პროცესში და კიდევ ერთხელ არ შექმნის ბარიერებს ბრალდებულთან კომუნიკაციისას",-წერს მარიკაშვილი.
რა ეტაპზეა კარტოგრაფების საქმე?
რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება.
მათი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება ასევე არის ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.
დაკავებულებს დეკემბერში სასამართლომ უარი უთხრა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.