logo
ENG



ადვოკატი: მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ხელისუფლებისთვის

12 სექ 202319:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/12/hxx4ygf1gw1auhb.jpg

ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა "ფარცხავს". მისი თქმით, ეს საქმე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია ხელისუფლებისთვის.

"მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საქმეა ხელისუფლებისთვის.

მართალია დანაშაული კერძო პირმა მოიყვანა სისრულეში, თუმცა, მტკიცებულებები უთითებს, რომ კერძო პირი მოქმედებდა, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. მის ქმედებები დაგეგმა, მართავდა და აკორექტირებდა უსაფრთხოების სამსახური.

ეს საქმე ასე შეიძლება დახასიათდეს:

მედიის დამფუძნებელს, ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სახელმწიფო).

ამის დამტკიცება იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯების მიზანი. ამ საქმეს ფარცხავს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა", - აცხადებს ადვოკატი.

***

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

11 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი მფლობელის მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა. 

მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.


close დახურვა