N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთერთი პატიმრის უფლებადამცველი ამბობს, რომ დაწესებულებაში რეგულაციების დაცვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც იქ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
უფლებადამცველის თქმით, პანდემიის დაწყების დღიდან პატიმრებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდათ:
"ის პირები, ვისთანაც ჰქონდათ უშუალო კონტაქტი, ანუ თანამესაკნეები, ისინი არიან იზოლაციაში საცხოვრებელ კორპუსში.
დაუდასტურდათ და მერე გადაიყვანეს, მაგრამ სანამ არ აღიარებდნენ ამ ყველაფერს, დღეს მაგალითად უთხრეს, რომ პირბადეებით იარეთო, აქამდე პირბადეების გარეშე დადიოდა ყველა და ჩვეულებრივად ვრცელდებოდა ეს ვირუსი. ძალიან დაგვიანებულია ეს ყველაფერი",-აცხადებს ალექსანდრე კაპანაძე.
დღეს, 5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსი 23 პატიმარს დაუდასტურდა. სამსახურმა 329-ვე ბრალდებულს PCR ტესტირება ჩაუტარა.