logo
ENG



ადვოკატი - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი უარს ამბობს, რომ გამოძიება სამხარეო პოლიციამ აწარმოოს

27 ივლ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ პირი, რომელმაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გაიხსნა და ის „შარში იყო“, განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.

„ეს პირი, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია, არის სამხარეო პოლიციის ერთერთი მაღალჩინოსანი. მან გარკვეულწილად მოახდინა ის ფორმულირება, რომელიც ძალიან ცუდად აისახა ბატონ ჯუმბერზე. ამის თაობაზე დეტალურად ჩააყენა საქმის კურსში გამომძიებელი და განყოფილების უფროსი. ბატონი ჯუმბერი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, რომ გამოძიება აწარმოოს სამხარეო პოლიციამ და ითხოვს, ეს საქმე გადავიდეს სამინისტროში“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც ბაჩალიაშვილის მამამ 22 ივლისს განაცხადა, მას გამოძიებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნეს და ნახეს, რომ ის „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო. ბაჩალიაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა