ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ბუცხრიკიძის თქმით, ის ემიჯნება კობახიძის ამ განცხადებას და გმობს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი მეთოდებით დარბევას. მან ამის შესახებ სტატუსი სოციალურ ქსელში დაწერა.
"მე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ცალსახად ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.
მიმაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია,არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.
ასევე, ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ, სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა. წინ ევროპისაკენ!", - წერს ბუცხრიკიძე.