რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც თბილისში ფრენებს იწყებს, საიტზე სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო. ამას ყურადღება გამოცემა ეხო კავკაზამ მიაქცია. ახლა რეგისტრაციის ან ბილეთის ყიდვის დროს ქვეყნის მითითება საჭირო არაა.
ავიაკომპანიის საიტზე ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მითითებული. მოგვიანებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ქვეყნების სიიდან ამოიღეს. თუმცაღა რუსეთის დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა გენერალურ პროკურორს მიმართა, რომ აღნიშნულის გამო კომპანია შეამოწმონ. როსავიაციისგან კი დუმის დეპუტატმა "აზიმუტის" ლიცენზიის შეჩერება მოითხოვა.
თვითონ კომპანიაში ვითარება ოფიციალურად არ შეუფასებიათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას. იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.