logo
ENG



აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია

10 ოქტ 202022:59
3 წუთის საკითხავი
 
0yliucpnkp1wi9g.png

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, სომხურ მხარესთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს, დროებითია. მინისტრის განცხადებას აზერბაიჯანული სააგენტო Haqqin.az ავრცელებს.  

როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, ზავი იმდენხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც "წითელ ჯვარს" დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესის დასასრულებლად დასჭირდება.

"გუშინ, მოსკოვში შესაბამის დოკუმენტს მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს ცხედრების გაცვლის პროცესი, ასევე მძევლების და დაკავებულების გაცვლის პროცესიც. ეს რთული პროცედურაა. ჯერ არ არის შექმნილი ამ პროცედურების შესაბამისი პირობები", - ამბობს ბაირამოვი.  

დღეს, 10 ოქტომბერს, 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

თუმცა, მოლაპარაკების პერიოდშიც ორივე მხარე თავდასხმებზე ლაპარაკობდა. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.


close დახურვა