აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიულ ქალაქზე, შუშაზე კონტროლი დაამყარეს.
სატელევიზიო მიმართვაში ალიევმა თქვა:
"შუშა ჩვენია, ყარაბაღი ჩვენია".
ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ სომეხი მოსახლეობა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას ტოვებს.
სომხურ მხარეს ამაზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ბოლო პოსტი, რომელიც ნიკო ფაშინიანის სპიკერმა, შუშან სტეფანიანმა ფეისბუქსა და ტვიტერზე გამოაქვეყნა, 2 აზერბაიჯანული საფრენი აპარატის განადგურებას ეხება.
შუშას მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება აქვს. ის მთიანი ქალაქია და ე.წ არცახის რესპუბლიკის დედაქალაქიდან, სტეფანასკერტიდან სამხრეთით, 10 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის გასწვრივ არის გზა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს.
2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.
არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.