logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.03.20

22 მარ 202012:37
3 წუთის საკითხავი
 
430cs43evwwa8un.jpg

კორონავირუსი 

საქართველო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, სულ 54 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259 ადამიანი.

მსოფლიო

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი 81 054 შემთხვევა კვლავ ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა რამდენიმე დღის წინ იტალიამ მას გარდაცვალების მაჩვენებლით გადაუსწრო, სადაც შედეგები ასე გამოიყურება: დაინფიცირების შემთხვევა - 53 578, გარდაცვალების შემთხვევა - 4 825, ხოლო გამოჯანმრთელების შემთხვევა - 6 072-ს შეადგენს. 

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 308 547-ს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი 13 069-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელება 95 829 პაციენტმა შეძლო.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში და საკვირაო წირვა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა 10 საათიდან მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II ესწრება წირვის დასრულების შემდეგ ზიარება ჩვეული წესით ჩატარდება. 

ჩვეულებრივი ვითარებისგან განსხვავებით, წირვას მრევლის საკმაოდ მცირე რაოდენობა ესწრება. სტიქაროსნები ტაძარში მყოფებს აფრთხილებენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა

ელვისებურ ჭადრაკში პირველი ოფიციალური ონლაინ ტურნირი

პირველი ოფიციალური ონლაინ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრზე დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზები. მონაწილეთა რეგისტრაცია, დღეს 17:00 საათიდან იქნება შესაძლებელი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებგვერდზე chess.com-ზე

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სოხუმში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება, თუმცა პროცესს არ დაესწრებიან რუსი დელეგატები, რომლებიც არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციას ასრულებდნენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, ყოფილი „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ლეონიდ ძიაფშპა და ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია.

სანქციები თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის

სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო  საკარანტინო ზონებში იძულების წესით კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების თანახმად, თვითიზოლაციის დამრღვევ პირებზე ფინანსური სანქციები გავრცელდება, განმეორებით შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.


close დახურვა