logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 24.01.2020

24 იან 202010:00
3 წუთის საკითხავი
 
s53nsgi3vlts94a.jpg

ბათუმში თოვლს ელიან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში თოვაა მოსალოდნელი, რაც უკვე ორი წელია არ მომხდარა.

სინოპტიკოსები დღეს აჭარის მთელს ტერიტორიაზე ელიან თოვას, მთაში - ზოგან ძლიერად. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ხვალ, 25 იანვარს აჭარაში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.


თამთა თოდაძე VS მარიამ კუბლაშვილი

თამთა თოდაძე ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ დღეს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში საჩივარს შეიტანს. ამ საკითხზე პრესკონფერენცია ორაგნიაზია “საფარის” ოფისში გაიმართება. თამთა თოდაძე დედაქალაქის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწე იყო. მან დეპუტატი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ხოლო ილია ჯიშკარიანს საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და თანმშრომლებთან კომუნიკაცია აეკრძალა, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სასამართლოში ყოფილი დეპუტატის ინტერესებს იცავს.

 

წყალბურთი: გერმანია VS საქართველო

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს გამართავს. რევაზ ჩომახიძის გუნდი მე-9 ადგილისთვის მატჩში გერმანიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებმა წინა შეხვედრაში თურქეთი 12:6 დაამარცხა, ხოლო გერმანიამ რუმინეთის ნაკრებს 15:10 სძლია. ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ოთხთა ტურნირში შეხვდა გერმანიას და 10:7 მოუგო. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა თბილისშიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში - 9:7. წინა ევროპის ჩემპიონატზე გერმანელებმა 11:10 გაიმარჯვეს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მე-4 ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს: 2014 წელს მე-12 ადგილზე გავიდა, 2016 წელს - მე-14-ზე, 2018 წელს კი - მე-13 ადგილზე. მიმდინარე ევროპის პირველობაზე ქართველმა წყალბურთელებმა საუკეთესო შედეგს მიაღწიეს, რომელიც მე-9 ადგილი იქნება გერმანიასთან მოგების შემთხვევაში.

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

დღეს “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად განიხილავენ.

 

პრესკონფერენციები და ბრიფინგები

  •  თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტი დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
  • ადვოკატების გიორგი ჩერქეზიას და სალომე აბესლამიძის განცხადებით, აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს. ადვოკატების მტკიცებით, კომპანია თაღლითობს. აათი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები. ამ საკითხზე ადვოკატები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ, რომელსაც ის პირებიც დაესწრებიან, რომლებმაც თანხები მოიგეს.

 

 

სასამართლო პროცესები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • უზენაეს სასმართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და ლევან ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

პოლიტიკური მოვლენები

  • პარტია “ლელო საქართველოსთვის” დღეს ზუგდიდის ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.
  • ლაშა ჩხარტიშვილი დღეს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისში დაკითხვაზე დაიბარეს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა „ბრექსითს“ ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონპროექტს „ბრექსითის“ შესახებ. შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს. დედოფლის მიერ ხელმოწერილმა დოკუმენტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო.

24 იანვარს ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთნხმებას დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შესახებ. 29 იანვარს კი, ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მისი რატიფიკაციისთვის შეიკრიბება. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 31 იანვრიდან აღარ იქნება.

 


close დახურვა