logo

ამბები, რომლებიც 14 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

clock 10 clock 1086 clock 14 სექ 202008:46
g7ksq5ack3gf6x8.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 14 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

გარდაცვლილი პროგრამისტის საქმე  

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი დღეიდან იმ ადგილების დათვალიერებას იწყებენ, რომელიც ანონიმურად ელისო კილაძეს მიაწოდეს. როგორც ადვოკატი განმარტავს ადგილობრივებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან.

ამაზე დაყრდნობით ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ისეთ გარემოებას მიაგნოს, რაც ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. იურისტი ეკა ქობესაშვილის თქმით, გამოძიებისთვის ეს ყველაფერი სიახლეს არ წარმოადგენს და იგი ახალი გარემოებებისა და დეტალების მოლოდინშია.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


2392 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1369 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 29.1 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 21 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 928 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60.4 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანის წინა სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ განყოფილებაში დღეს, 11 საათზე გაიმართება. საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობას ეხება. 

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძის თქმით, პროცესზე მტკიცებულებების დაშვების საკითხის განხილვაა დაგეგმილი. სასამართლოზე, ასევე, საუბარი იქნება აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებითაც. ნემსიწვერიძის თქმით, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება გამოძიებას სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რომ არარსებული მტკიცებულებები საკანში მოეპოვებინა. 


გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელი კიდევ ერთ დეკლარაციას უნდა მოაწეროს - ისინი საარჩევნო პერიოდში ქცევის კოდექსზე შეთანხმდნენ. „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრა დღეს, 11 საათზეა დანიშნული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, დოკუმენტს ხელს სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მოაწერენ. მათი თქმით, აღნიშნული შეთანხმება ოპოზიციის კიდევ ერთი დიდი მიღწევაა, რადგან ამ დეკლარაციითაც ისინი ადასტურებენ, რომ არც წინასაარჩევნო პერიოდში და არც არჩევნების დღეს მოქალაქეებზე ზეწოლა და მათი მოსყიდვა არ მოხდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხმების დაცვის მექანიზმთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმა.

 

„პატრიოტთა ალიანსის” ოცეულის წარდგენას ხმაური მოჰყვა

ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ხმაური მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ გაეპროტესტებინათ, მათი თქმით, პრორუსი იდეოლოგიის პარტიის ქუთაისში ჩასვლა - მათი ნაწილი ალიანსის წევრებს კითხვას უსვამდნენ, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს.

.

 

"პატრიოტთა ალიანსმა" ქუთაისში გამართულ შეკრებაზე საარჩევნო სიის პირველი 20-ეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის საარჩევნო სიის მე-9 ნომერი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილის შვილი, ცისანა სეფიაშვილია, რომელიც აცხადებს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" იდეოლოგიას სრულად იზიარებს. 

 

ლიფტის ჩავარდნა ე.წ. არაშენდას კორპუსში

თბილისში თემქაზე ე.წ არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა, სადაც 6 ადამიანი იმყოფებოდა აქედან 1 არასრულწლოვანი. ლიფტის გაუმართაობის ერთ-ერთ მიზეზად თვითნებურად ჩართული ლიფტი სახელდება. დაშავებულია 2 ადამიანი, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა მამაკაცმა, რომელსაც ადგილზევე გაუწიეს დახმარება.

.

ხოლო 59 წლის ქალს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

ვითარება ხურვალეთში 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ორი სახის გზავნილი მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლებას - ასე აფასებს რუსეთის მხრიდან დაწყებულ უკანონო ბორდერიზაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ლიდერი, ლაშა ბერულავა. ის არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ რუსეთმა სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენები ყურადღების გადასატანად გამოიყენოს, რათა მომავალში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიაზე, მიწების უკანონო მიტაცება კვლავ დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი რამდენიმე დღის წინაც განხორციელდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. 

 

ილია ფილფანს თითქმის 2 თვეა უშედეგოდ ეძებენ

თითქმის 2 თვეა, რაც 13 წლის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, ისევ, მიმდინარეობს. ოჯახი დაკარგული ბავშვის ფოტოებს ქვეყნის ყველა ქალაქში აკრავენ. დაკარგული ბავშვის მამის განცხადებით, ისინი ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მოტაცებისა და საზღვრის დატოვების ვარიანტსაც. 

შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა