logo
ENG



ამ ვითარებაში მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ - ბადრი ჯაფარიძე

10 თებ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 

„ამ ვითარებაში მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ", - ასე ეხმაურება ოპოზიციის გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების მაგიდის დატოვებასთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძე.

„ლელო საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ კელი დეგნანთან პირველ შეხვედრაზე ოფიციალურად არ იქნება საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, თუმცა ოპოზიცია, ცხადია, ისაუბრებს დღეს განვითარებულ მოვლენებზე და პოლიტიკური ლიდერების მიმართ არსებულ სამართლებრივ დევნაზე.

„ეს არის პირველი ოფიციალური მიღება, ამიტომ პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ელჩის მიღება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. რაც შეეხება უგულავას საქმეს - ადამიანმა, რომელმაც გააგზავნა მოთხოვნა დაპატიმრებაზე, გამოიტანა განაჩენი - ეს არის დაცინვა. ამ ვითარებაში მოლაპარაკების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია ელჩთან შეხვედრაზე აუცილებლად დასვამს საკითხს და ისაუბრებს გიგი უგულავას საქმეზე გამოტანილ განაჩენზე.

„დაველაპარაკებით ელჩს ამ თემაზე. ერთად მოვისმინეთ ეს თავხედური განაჩენი და ამან ცხადყო, რატომ სჭირდებოდა მონა მოსამართლეები ივანიშვილის. თადუმაძემ გააგზავნა მოთხოვნა და შემდეგ თვითონვე გამოიტანა განაჩენი. ამ ხელისუფლებასთან საუბრის რესურსი აღარ არსებობს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა